დღეს, 12:00 საათზე, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, რომელზეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი.
მოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან მოძრაობა სირცხვილია აქციას "კლანი უნდა დასრულდეს" მართავს.
აქტივისტები მოითხოვენ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის პროცესი შეჩერდეს.
დღევანდელ კონფერენციას ასევე კრიტიკა მოჰყვა როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.
დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილითაც კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.
აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ იქნება აშშ-ის საელჩოს წერილის ადრესატი.
"მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს კანონმდებლობის საფუძველზე, ვასრულებთ კანონს. კანონი გვავალდებულებს, რომ ავირჩიოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები. კანონი გვავალდებულებს, ვიზრუნოთ საკადრო პრობლემის დაძლევაზე - მოსამართლეთა სიმცირე საყოველთაოდ ცნობილი პრობლემაა, რაც იწვევს საქმეთა გაჭიანურებას.
შარლ მიშელის შეთანხმება იყო სუფთა პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ ძალებს შორის შედგა გარკვეული კონსენსუსი, სადაც სასამართლო არ და ვერ იქნებოდა ჩართული.
შეთანხმებას ვერ შევასრულებთ, ჩვენ ვასრულებთ კანონებს. კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნებს ვასრულებთ". - თქვა გვრიტიშვილმა.
შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.